ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ანტისემიტიზმის ისტორიული და თანამედროვე ფორმები

ავტორი: ლუკა ქილიფთარი

მოხსენება 2024 წლის 25 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოითქვა. ღონისძიება სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ “ლეას” ორგანიზებით, USAID-ის პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

 

ანტისემიტიზმს, ებრაელების მიმართ სიძულვილს და ცრურწმენებს, ხანგრძლივი ისტორია აქვს და საუკუნეების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული.

ანტისემიტიზმის პირველ აშკარა გამოვლინებებს ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში ვხვდებით. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში ებრაელების მიმართ სიძულვილი ძირითადად ეთნიკურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ჰქონდა მნიშვნელოვანი რელიგიური ასპექტიც. ითვლება, რომ ანტისემიტიზმის სათავეს ძველ ეგვიპტესთან მივყავართ. ებრაელთა დემონიზაციის ერთ-ერთ პირველ ნათელ მაგალითს ეგვიპტელი ქურუმისა და ისტორიკოსის მანეთონის ნაშრომები წარმოადგენს. ქურუმი წერდა რომ ებრაელები რეალურად კეთრით დაავადებული ეგვიპტელები იყვნენ, რომლებსაც ლიდერმა, მოსემ შთააგონა რომ ღმერთებისთვის თაყვანი არ ეცათ და ეგვიპტეში არსებულ დასახლებებზე სასტიკი თავდასხმები წამოეწყოთ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდში ქალაქ ალექსანდრიის მოსახლეობის საგრძნობ ნაწილს სწორედ ებრაელები წარმოადგენდნენ და მათ მიმართ სიძულვილმა და ცრურწმენებმა იმხელა მასშტაბი შეიძინა, რომ ებრაელი ფილოსოფოსის ფილონ ალექსანდრიელის გადმოცემით, ახალი წელთაღრიცხვით 38 წელს ქალაქში მასობრივი თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ებრაელების შესახებ ცრურწმენები ძველ საბერძნეთსა და რომში სწორედ ეგვიპტიდან გავრცელდა და ხშირად როგორც ებრაელების საკულტო ნაგებობების შეურაცხყოფაში, ასევე მათი რელიგიური ჩვეულებების აკრძალვაში გამოიხატებოდა.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად რომის იმპერიაში ებრაელების მდგომარეობა ეტაპობრივად გაუარესდა. შუა საუკუნეების განმავლობაში ანტისემიტიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმას რელიგიური ანტისემიტიზმი წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში სიძულვილის უმთავრესი საფუძველი ებრაელების ღმერთის მკვლელებად წარმოჩენა იყო. ქრისტიანი სასულიერო პირები ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ქადაგებდნენ, რომ იესო ქრისტეს ჯვარცმის გამო ებრაელებს სამუდამოდ კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ. გარდა ამისა, ევროპაში შედარებით მოგვიანებით, მე-12 საუკუნიდან ვრცელდებოდა ცილისმწამებლური ბრალდებები, თითქოს ებრაელები რელიგიურ რიტუალებში ქრისტიანების, განსაკუთრებით ხშირად ბავშვების, სისხლს იყენებდნენ. სწორედ ამ აბსურდული ბრალდებებით ამართლებდნენ შუა საუკუნეებში ებრაელების დევნას, ქრისტიანებზე ქორწინების აკრძალვას, მათთვის მთელი რიგი პროფესიების დაუფლების შეზღუდვას და ორგანიზებულ მასობრივ ძალადობრივ თავდასხმებს - პოგრომებს. ასევე, შუა საუკუნეებში ებრაელებს ხშირად განტევების ვაცად იყენებდნენ და ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ. მაგალითად, მეთოთხმეტე საუკუნეში, მათ შავი ჭირის გავრცელებას სრულიად უსაფუძვლოდ აბრალებდნენ და ამის საფუძველზე მხოლოდ სტრასბურგში 1349 წელს 900 უდანაშაულო ებრაელი დაწვეს ცოცხლად.

რელიგიური ანტისემიტიზმი დღემდე ანტისემიტიზმის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს და უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ვხვდებით, თუმცა შუასაუკუნეების დასრულების შემდეგ შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. მეცხრამეტე საუკუნიდან ანტისემიტიზმის დომინანტურ ფორმად რასობრივი ანტისემიტიზმი გვევლინება. საგულისხმოა, რომ ებრაელთა მიმართ სიძულვილის ეს ორი ფორმა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რელიგიური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი თავისებურება ის იყო, რომ რელიგიური ანტისემიტები მთავარ პრობლემას იუდაიზმში ხედავდნენ და თვლიდნენ, რომ გამოსავალი ებრაელებისთვის რელიგიის შეცვლის იძულება იყო. რასობრივი ანტისემიტიზმის, შემთხვევაში კი ანტისემიტები ებრაელების „გამოსწორებას“ შეუძლებლად მიიჩნევდნენ. 

რასისტი ანტისემიტები ფსევდომეცნიერებაზე, სოციალურ დარვინიზმზე, დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ებრაელი ხალხი განცალკევებულ რასას წარმოადგენდა, რომელიც თეთრ რასაზე დაბლა მდგომი იყო. მიიჩნევდნენ, რომ ებრაელებს თანდაყოლილი რასობრივი თვისებები ჰქონდათ და სახელმწიფოებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ საფრთხეს უქმნიდნენ, არამედ თეთრკანიანებთან ურთიერთობით „უპირატეს არიულ რასას აბინძურებდნენ.“ ამ ფსევდომეცნიერულმა დისკურსმა საბოლოო ჯამში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რასობრივი ანტისემიტიზმის კულმინაციას სწორედ ჰოლოკოსტი წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ რასობრივი ანტისემიტიზმი მჭიდრო კავშირშია ანტისემიტიზმის კიდევ ერთ ფორმასთან რომელიც შეთქმულების თეორიების სახით გამოიხატება. XX საუკუნის დასაწყისიდან ფართოდ გავრცელდა „საერთაშორისო ებრაული შეთქმულების“ სახელით ცნობილი კონსპირაციული თეორია, რომელიც საუკუნეზე მეტია ებრაელებზე ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება. „საერთაშორისო ებრაული შეთქმულება“ ებრაელებს საიდუმლო ორგანიზაციებთან, მაგალითად მასონებთან და ილუმინატებთან აკავშირებს და ამტკიცებს, რომ მსოფლიოში მომხდარი ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის უკან ებრაელები დგანან, რომელთა მიზანიც მსოფლიოში არსებულის სოციალური ნორმების რღვევა, ხალხის მართვა და მსოფლიოზე ბატონობაა.

აღნიშნული შეთქმულების თეორიის საფუძველს ყალბი დოკუმენტი სახელად „სიონის ბრძენთა ოქმები“ წარმოადგენს, რომელიც მრავალი მკვლევრის აზრით, ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ანტისემიტური ტექსტია. დოკუმენტი თითქოს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ებრაელი ლიდერების იმ საიდუმლო შეხვედრების ჩანაწერებს წარმოადგენს, რომლებზეც მსოფლიოს დამორჩილების გზები განიხილებოდა. ოქმებში დეტალურადაა აღწერილია მრავალი სხვადასხვა გეგმა, მაგალითად როგორ უნდა გაბატონდნენ ებრაელი ბანკირები მსოფლიოს ეკონომიკაზე, როგორ უნდა მართონ პრესა და ასე შემდეგ. 

თუმცა, „სიონის ბრძენთა ოქმები“ მთლიანად ფალსიფიცირებული ტექსტია და რეალურად, 1902-1903 წლებში რუს-ფრანგმა ჟურნალისტმა მატვეი გოლოვინსკიმ რუსული იმპერიის საიდუმლო პოლიციის დაკვეთით შეადგინა. დოკუმენტით ცდილობდნენ რომ იმ დროს რუსეთში არსებული რევოლუციური მოძრაობები საერთაშორისო ებრაული შეთქმულების ნაწილად წარმოეჩინათ და ამ გზით მათი დისკრედიტაცია მოეხდინათ. საინტერესოა, რომ „სიონის ბრძენთა ოქმები“ ორიგინალი ნაშრომიც კი არაა. დოკუმენტში სიტყვა-სიტყვითაა აბზაცები გადმოწერილი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში მორის ჟოლის მიერ დაწერილი სატირული ნაწარმოებიდან „მაკიაველის და მონტესკიეს დიალოგი ჯოჯოხეთში.“ აღნიშნული ნაშრომი საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ მესამის, გასაკრიტიკებლად დაიწერა და ებრაელებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სიონის ბრძენთა ოქმები“ მალევე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და უამრავ ქვეყანაში გავრცელდა. განსაკუთრებით აქტუალობა დასავლეთში, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შეიძინა. ფალსიფიცირებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდებოდა მცდარი მოსაზრებები, რომ ევროპაში მომხდარი რევოლუციების უკან რეალურად ებრაელები იდგნენ, არსებული მორალის რღვევას და ამ გზით მსოფლიოში გაბატონებას ცდილობდნენ. 

თუმცა, ამავე პერიოდში, 1920-იან წლებში, ბევრი დააეჭვა სიონის ბრძენთა ოქმების ავთენტურობამ. აღნიშნავდნენ, რომ დოკუმენტში დეტალურად კი იყო აღწერილი მსოფლიო ბატონობის გეგმები, რაც ანტისემიტიზმის გასაღვიძებლად შესანიშნავ ნიადაგს ქმნიდა, თუმცა არც ერთი „სიონის ბრძენის“ სახელი არ იყო მოცემული, ოქმებს თარიღები მითითებული არ ჰქონდა და კარლ მარქსის გარდა არც ერთი იმ ადამიანების ვინაობა არ იყო მოცემული, ვისაც ეს გეგმები სისრულეში უნდა მოეყვანათ. გარდა ამისა, გაუგებარი იყო ასე საიდუმლოდ შედგენილი მსოფლიო ბატონობის გეგმა საჯაროდ რატომ ან როგორ გამოქვეყნდა. საბოლოოდ, 1921 წელს ბრიტანულ გამოცემა „თაიმსში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც დაამტკიცა, რომ „სიონის ბრძენთა ოქმები“ სრულად ფალსიფიცირებული იყო.

მიუხედავად ამისა, ანტისემიტურმა ჯგუფებმა განაგრძეს ოქმების ავთენტურობის მტკიცება და 1920-იან და 1930-იან წლებში ევროპაში ანტისემიტიზმის გასაღვიძებლად უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად აქციეს. 1933 წლიდან აღნიშნული ტექსტი ნაცისტურ გერმანიაში სასკოლო ლიტერატურაშიც კი შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ „თაიმსის“ სტატიის შემდეგ უამრავი სამეცნიერო ნაშრომი შეიქმნა „სიონის ბრძენთა ოქმები“ სიყალბის შესახებ, ტექსტი კიდევ უფრო მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც, დღემდე საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და ანტისემიტური ჯგუფების მიერ ებრაელთა დეჰუმანიზაციისთვის როგორც დასავლეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში აქტიურად გამოიყენება.

ანტისემიტიზმის კიდევ ერთი თანამედროვე, ფართოდ გავრცელებული ფორმა ანტისიონიზმის სახით გვევლინება. სიონიზმი მეცხრამეტე საუკუნეში ებრაელების დევნის საპასუხოდ გაჩენილი მოძრაობა იყო, რომელიც მიზნად ებრაული სახელმწიფოს შექმნას ისახავდა და დღეს ისრაელის შენარჩუნებას და განმტკიცებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ისრაელის ხელისუფლების პოლიტიკის განსჯა ავტომატურად ებრაელების სიძულვილს არ გულისხმობს. თუმცა, ებრაული სახელმწიფოს კრიტიკა ანტისემიტიზმის შესანიღბად, როგორც ულტრამემარჯვენე, ისე ულტრამემარცხენე ჯგუფების მიერ საკმაოდ ხშირად გამოიყენება. 

ებრაელთა უფლებადაცვითი ორგანიზაციების უმრავლესობა თანხმდება, რომ ანტი-ისრაელური განწყობები ცალსახად შეფარულ ანტისემიტიზმს წარმოადგენს, ისეთ შემთხვევაში, როცა ისრაელს “დასავლური კოლონიალიზმის ავანპოსტად” და ნაცისტურ სახელმწიფოდ წარმოაჩენენ, რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს. ასევე, როცა ისრაელს არარეალისტურ ორმხრივ სტანდარტებს უყენებენ და ამავდროულად მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ წინააღმდეგობის ყველანაირი ძალადობრივი ფორმის გამოყენების ამართლებენ. 

საინტერესოა, რომ ანტისემიტიზმის აღნიშნული ფორმის გავრცელებაზე საბჭოთა კავშირმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. თავდაპირველად საბჭოთა ხელისუფლებას, სტალინის მეთაურობით, დადებითი მოლოდინები ჰქონდა ისრაელის შექმნასთან დაკავშირებით. ფიქრობდნენ, რომ ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოს საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას და მისი დახმარებით ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარებას შეძლებდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც ისრაელისა და შეერთებული შტატების ურთიერთობების სიმტკიცე ნათელი გახდა, კრემლმა პოლიტიკა შეცვალა. საბჭოთა კავშირი არამხოლოდ მჭიდრო კავშირი დაამყარა ისრაელის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან, არამედ ძალიან დიდ ძალისხმევას ჩადება დაიწყო ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ისრაელის არსებობის დელეგიტიმაციისთვის. მაგალითად. გენერალ იონ მიჰაი პაჩეპას თქმით, რომელიც 1970-იან წლებში რუმინულ საიდუმლო პოლიციას ხელმძღვანელობდა, 1972 წლიდან მოყოლებული „კაგებე“ რუმინული სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით ახალო აღმოსავლეთში ყოველთვიურად არაბულად ნათარგმნი „სიონის ბრძენთა ოქმების“ ათასობით ეგზემპლარს აგზავნიდა. შედეგად, ვრცელდებოდა მოსაზრებები, თითქოს ისრაელი გლობალური შეთქმულების შედეგად წარმოქმნის სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელსაც არ უნდა ეარსება.

გარდა ამისა, საბჭოთა პროპაგანდისტულმა მანქანამ ღიად დაიწყო ისრაელის საწინააღმდეგო კამპანია, რომელსაც დღემდე დიდი გავლენა აქვს ანტისიონისტურ დისკურსზე. 1984 წელს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა „ნოვოსტიმ“ საკმაოდ მოზრდილი ინგლისურენოვანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სახელწოდებით „სიონისტებს ტერორის იმედი“ აქვთ, რომელიც ისრაელს ნაცისტურ გერმანიასთან აიგივებდა. დოკუმენტის მიხედვით, სიონისტები „გლობალური იმპერიალიზმს ემსახურებოდნენ“ და ანტისემიტიზმის შემთხვევები რეალური კი არ იყო, არამედ ყურადღების გადასატან იარაღს წარმოადგენდა. 

ანტისემიტიზმის თითოეულმა ფორმამ უამრავი ადამიანის ტანჯვა და სიკვდილი გამოიწვია. ისრაელზე გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტას წარმოადგენს და ამავდროულად მთელ მსოფლიოში ებრაელებზე თავდასხმების უპრეცედენტო ზრდა ცხადყოფს ანტისემიტიზმი დღემდე რამდენად მწვავე პრობლემად რჩება. ეს ყოველივე მხოლოდ ებრაელი ხალხის პრობლემა არ არის, არამედ ყველა ადამიანს ეხება. ისტორია სწორედ იმას გვასწავლის, რომ ანტისემიტიზმი საზოგადოებაში არსებული ღრმა პრობლემების სიმპტომია და მხოლოდ ებრაელების დევნით არ სრულდება. როგორც ჟან-პოლ სარტრი აღნიშნავდა: „ებრაელს რომ არ ეარსება, მას ანტისემიტი გამოიგონებდა.“

                                                                

ფოტო: ფელიქს ნუსბაუმის ნახატი “ბანაკის სინაგოგა სენ-სიპრიენში". 1944 წელს ებრაული წარმოშობის ნუსბაუმი 39 წლის ასაკში ნაცისტებმა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს.