ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/2301

სასტიპენდიო კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე 16 აკადემიური ნაშრომის შესაქმნელად 

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 24.12.2023 (23.59 სთ)

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მკვლევრებისათვის აკადემიური ნაშრომების შესაქმნელად რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების საკითხებზე.

მონაწილეობა: ღიაა თბილისში მდებარე ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისა ან/და მათთვის, ვინც 2021 წლის შემდეგ აიღო დიპლომი.

საკვლევი სფერო ზოგადად უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ რომელიმე მიმართულებას. მომავალი მკვლევარი თავად განსაზღვრავს  ნაშრომის სპეციფიურ თემატიკას.

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საჯარო სივრცეში: რელიგია საქართველოს საჯარო ცხოვრებაში;  რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და გონივრული მისადაგება დასაქმების სფეროში; რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება და დაბეგვრა; სასულიერო პირების სამხედრო და ალტერნატიული სამსახური; სასულიერო პირების მონაწილეობა პოლიტიკაში და სხვ.

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, რელიგიური მრავალფეროვნება და ინტერრელიგიური ურთიერთობები სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან: რელიგიის თავისუფლების, რელიგიური მრავალფეროვნებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების ისტორიული, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, სოციოლოგიური, თეოლოგიური ასპექტები; წარსული და არსებული პრაქტიკის სწავლა-ანალიზი; არქივების შესწავლა და გამოუქვეყნებელი მასალების აღმოჩენა და სხვ.

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება  და საქართველოს მომავალი ევროპული გამოცდილებების პრიზმიდან: როგორ მოაწესრიგეს აღმოსავლური, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებებმა (განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან) ინტერრელიგიური საკითხები და კონფლიქტები, სოციალური პოლიტიკა და ისტორიული საკუთრების საკითხები; დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეთნო-რელიგიური კონფლიქტების გამოცდილება და მათი შედარება საქართველოსთან; რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და მიგრაცია; პოპულისტური, ანტი-მიგრაციული რიტორიკა და  “სხვების” გაუცხოება და მათი შედარება ქართულ რეალობასთან და სხვ.

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ევროკომისიის 12 პრიორიტეტი: რა როლს თამაშობს ინტერრელიგიური/ინტერეთნიკური საკითხები პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციაში საქართველოში? (პრიორიტეტი 1) რა გავლენა აქვს გაუცხოებასა და ენობრივ/სოციალურ ბარიერებს სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირებაში? (პრიორიტეტი 2) პრობლემის გადაჭრის რა შესაძლო გზებს ხედავენ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები/თემები? გამჭვირვალე და ეფექტიანი მართლმსაჯულების განცხორციელება სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების/თემის პერსპექტივიდან (ბარიერები, გამოცდილებები და შეხედელულებები კომისიის მე-3 პრიორიტეტთან მიმართებით); სამართალდამცავი სისტემის მუშაობის შეფასება: სარგებლობს თუ არა ყველა რელიგიური თემი, განსაკუთრებით რეგიონებში, თანაბარი და სამართლიანი ხელმისაწვდომით მართლმსაჯულებაზე? რა მონაცემებია ხელმისწვდომი და რაზე მიუთითებს ეს მონაცემები? (პრიორიტეტი 6) მრავალფეროვნება და პლურალიზმი მედიაში: როგორ შუქდება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხები ქართულ მედიაში? ვისი ისტორიები შუქდება? როგორ საუბრობენ რელიგიურ ჯგუფებზე ტრადიციულ და ახალ მედიაში? (პრიორიტეტი 7) მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, განსაკუთრებით ინტერსექციური თემები, გამოცდილებები და პოლიტიკა: რა გავლენა აქვთ მათ ერთმანეთზე საქართველოში? რელიგიისა და რწმენის თავისუფლება სხვა უფლებებთან კვეთაში: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება: რა ურთიერთმიმართებაა ამ უფლებებს შორის საქართველოში; რამდენად ხდება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უსაფრთხოების ჭრილში განხილვა და ვისზე ახდენს ეს პოლიტიკა გავლენას და როგორ? რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება (პრიორიტეტი 8) გენდერი, ქალთა უფლებები. ლგბტქი თემისა და სხვა უმცირესობების უფლებები: როგორია ამ უფლებებსა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას შორის ურთიერთმიმართება, პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში? (პრიორიტეტი 9); რა როლს თამაშობს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგში? ვინ და როგორ იცავს რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებსა და მიგრანტებს საქართველოში? (პრიორიტეტი 10) რა გავლენა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასთან მიმართებით ქართულ მართლმსაჯულებაზე? (პრიორიტეტი 11)

 

აკადემიური ნაშრომების პოპულარიზაცია: 

კვლევის პარალელურად, პარტნიორ უნივერსიტეტებში TDI მოაწყობს ნაშრომების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, სადაც სტატიების ავტორებს თავიანთი ნაშრომების დაინტერესებული კოლეგებისა და საზოგადოებისთვის გაცნობა შეეძლებათ. 

ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება TDI-ს გვერდზე, ხოლო ჟიურის მიერ შერჩეული 2 საუკეთესო ნაშრომი ითარგმნება და გამოქვეყნდება საერთაშორისო აკადემიური და კვლევითი ორგანიზაციების ვებგვერდებზე. 

პროექტის დასკვნით ეტაპზე, თბილისში იგეგმება საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების საკითხებზე. კონფერენციაზე, ქართველ მკვლევრებსა და ავტორებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ დარგის საერთაშორისო ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. 

 

წესები და პირობები:

  • შერჩეული მკვლევრები ნაშრომზე მუშაობენ 5 თვის განმავლობაში. 

  • TDI მკვლევრებს შეურჩევს აკადემიურ მენტორებს ქართული და უცხოური უნივერსიტეტებიდან.

  • მკვლევრის სტიპენდია ჯამში შეადგენს 1800 ლარს (ნეტი, ხელზე).

  • თითო პოზიციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია 1 ან 2 ადამიანს, მაგრამ სტიპენდია არ გაორმაგდება. 

  • კვლევისთვის საჭირო დამატებითი ხარჯები (რეგიონებში მგზავრობა, ველზე გასვლა, არქივში მუშაობის ხარჯი) ანაზღაურდება მიზნობრივად.

  • საბოლოო ნაშრომის/ აკადემიური სტატიის სიტყვების რაოდენობა უნდა იყოს 3,500-დან 5,000 სიტყვამდე (თემის სპეციფიკის მიხედვით, შესაძლოა სიტყვების რაოდენობა გაიზარდოს).

 

გამოსაგზავნი დოკუმენტები: 

CV და ნაშრომის მოკლე შინაარსი 24.12.2023-ის 23.59 საათამდე, ელ-ფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: FoRB კონკურსი. მოკლე შინაარსი უნდა მოიცავდეს ყველა შემდეგ კომპონენტს:

  • ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთი საკვლევი თემა/პრობლემა და   მისი აქტუალობის დადასტურება:  40-დან 60-მდე სიტყვით. 

  • კვლევის კონკრეტული მიზანი და მთავარი საკვლევი კითხვა/ები: 40-დან 60-მდე სიტყვით.   

  • კვლევის მეთოდოლოგია: 20-დან 40-მდე სიტყვით

  • საკითხის შესწავლის პირადი მოტივაცია, საკითხის ამჟამინდელი ცოდნა და მისი კვლევის გამოცდილება: 20-20-20 სიტყვა.

 

პროექტის შესახებ: 2023 წლის ნოემბრიდან, TDI იწყებს პროექტს “რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა.” პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით და უზრუნველყოფს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნასა და პოპულარიზაციას. 

 

დაგვიანებული განაცხადები კონკურსიდან ავტომატურად გამოირიცხება. კონკურსის დასრულებამდე, კონკურსანტებს ვთხოვთ, დამატებითი შეკითხვა გამოაგზავნონ მხოლოდ კონკურსის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com.