სიახლეები
TDI
ნოე/1916

ეუთომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა წევრ სახელმწიფოებში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების 2018 წლის სტატისტიკა. 

ODIHR-ის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ბაზა ყველაზე დიდია მსოფლიოში. ის აერთიანებს როგორც სახელმწიფო უწყებებისგან, ისე სამოქალაქო საზოგადოებისგან მიღებულ მონაცემებს; მათ შორისაა საქართველოდან მიღებული მონაცემებიც. 

2018 წელს ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს 344 სიძულვილით მოტივირებული დანაშაული აღრიცხა (შედარებისთვის 2017 წელს - 86, 2016 წელს - 42, 2015 წელს - 22, 2014 წელს - 19); 

აქედან, 2018 წელს დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ (2017 წელს - 44, 2016 წელს - 42, 2015 წელს - 5, 2014 წელს - 7); 

2018 წელს პასუხისმგებლობა დადგა 58 პირის მიმართ (2017 წელს - 11, 2016 წელს - 15, 2015 წელს - 5, 2014 წელს - 8). 

სამოქალაქო საზოგადოებამ ეუთოს ინფორმაცია მიაწოდა 66 დანაშაულის შესახებ:

3 საქმე შეეხება რასიზმს და ქსენოფობიას;  

1 - ანტისემიტიზმს (ვიტალი საფაროვის მკვლელობა);

28 - ქრისტიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები (უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიის ქვეშ ყველა შემთხვევა საქართველოში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება); 

35 - სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. 


ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 16 ნოემბერს აღინიშნება, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მოუწოდებს სახელმწიფოებს, პრაქტიკაში გამოიყენონ სიძულვილის დანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობა. “კანონმდებლობას, რომელიც პრაქტიკაში არ გამოიყენება, არ აქვს იმ ქაღალდზე მეტი ფასი, რომელზეც ისაა დაბეჭდილი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები არ აზარალებს მხოლოდ უმცირესობების ჯგუფებს. ეს არის შეტევა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე” - აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირმა.